სასამართლოს გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების სააპელაციო საჩივრების თაობაზე
2017-11-06
დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენით განიხილა ოპოზიციური პარტიების (საარჩევნო ბლოკი ,,დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველო“, ,,შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია, ,,გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ,,ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“, ,,ეროვნული ფორუმი“, ,,ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“) საჩივარი.
აპელანტების მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, ცესკო-ს ქ. თბილისის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული და თბილისის მერის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა, ცესკო-ს მიერ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესწავლა, საჩივრების ავტორებისა და ხმის დათვლაში მონაწილე პირების გამოკითხვა და შესაბამისი საფუძლების შემთხვევაში ხმების ხელახლა დათვლა.
ასევე, საარჩევნო ბლოკ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2 ნოემბრის განჩინების (სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის 41-ე ქვეპუნქტის) გაუქმება, მათი მესამე პირად ჩაბმის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ოპოზიციური პარტიების სააპელაციო საჩივრები და თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.; ხოლო საარჩევნო ბლოკ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის 41-ე ქვეპუნქტი.