თბილისის სააპელაციო სასამართლო
ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება
2014 წლის 9 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გამოიტანა განჩინება საქმეზე 2ბ/3425-14. განჩინება განმარტავს სარჩელის უზრუნველყოფის მიზანს: "სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი არის სარჩელის (დავის) საგნის დაცვა და აღნიშნულით გადაწყვეტილების დაუბრკოლებლად აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფა გულისხმობს იმგვარ ღონისძიებათა მიღებას, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გარანტირებულს გახდის სასარჩელო მოთხოვნათა რეალიზაციას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მოთხოვნა უნდა შეეხებოდეს თავად სარჩელის მოთხოვნას (დავის საგანს) და უნდა ემსახურებოდეს მოსარჩელის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების აღდგენას, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხს სასამართლო წყვეტს სწორედ სასარჩელო მოთხოვნის ხასიათისა და შინაარსის გათვალისწინებით. სამოქალაქო საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა დამოკიდებულია სასარჩელო მოთხოვნის შინაარსზე, რამდენადაც სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით ხდება დავის საგნის დაცვის აუცილებლობის შეფასება." განჩინება მნიშვნელოვანია შემდეგ ნორმებთან მიმართებით: - "ნოტარიატის შესახებ" კანონის 40.5 მუხლი; - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191 და 198.3. მუხლები. განჩინება შეეხება შემდეგ თემებს: - ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება; - სარჩელის უზრუნველყოფა; - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.