თბილისის სააპელაციო სასამართლო
„მოსარჩელემ მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს სასარჩელო მოთხოვნა“
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი, რომლითაც აპელანტი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების გაუქმებასა და სარჩელის წარმოებაში მიღებას ითხოვდა. 2014 წლის 24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელეს (აპელანტს) აური უთხრა სარჩელის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ მისი მოთხოვნა არ იყო ნათლად და გარკვევით ჩამოყალიბებული. თბილისის სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და დამატებით აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს სასარჩელო მოთხოვნა, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის შინაარსი შეადგენს სარჩელის საგანს. სასამართლო განიხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, რომელსაც სასამართლო ვერც შეცვლის და ვერც გააფართოებს. სარჩელში ნათლად, გარკვევით და ამომწურავად უნდა იყოს მითითებული თუ რას მოითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან, რაც უნდა გამყარდეს კონკრეტული ფაქტებით და მტკიცებულებებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა, რომ სარჩელში სავალდებულოდ მისათითებელი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები ისევ და ისევ მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას ემსახურება. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არასრულ სარჩელს მიიღებს და ფაქტობრივი გარემოებების მხარის მიერ არასწორად მითითებისა და მტკიცებულებების არქონის პირობებში განიხილავს საქმეს, მაშინ მხარეს სრულყოფილი სარჩელითა და მტკიცებულებათა ერთობლიობით ხელმეორედ მიმართვა იმავე მოთხოვნით, იმავე მხარეებს შორის და იმავე საფუძვლით, აღარ შეეძლება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი და იმის გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო ბუნდოვანი, სარჩელი არ მიიღო წარმოებაში.