თბილისის სააპელაციო სასამართლო
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განიხილა სს „ს. რ.-ს“ წარმომადგენლის მ. მ.-ს საჩივარი. საჩივრის ავტორი ითხოვდა შპს „გ. ა.-ს“ საკუთრებაში არსებული 27 (ოცდაშვიდი) ავტოსანტრასპორტო საშუალების დაყადაღებას, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით განხილულ იქნა არაადეკვატურ ღონისძიებად. კერძოდ, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სარჩელის უზრუნველყოფასთან მიმართებაში განმცხადებლის (მოსარჩელის) კანონიერი ინტერესის დაცულობა, განსახილველ შემთხვევაში, მოითხოვდა მოპასუხის კუთვნილ ქონებაზე საკუთრების უფლების შენარჩუნებას, რისთვისაც პალატის მოსაზრებით საკმარისია ავტომანქანების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის ღონისძიების გამოყენება. სამოქალაქო პალატის მითითებით ყადაღა გულისხმობს გაცილებით მეტი შეზღუდვების დადგენას მესაკუთრისათვის, რაც თავის მხრივ, მოცემულ შემთხვევაში, არ იყო აუცილებელი მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცვის უზრუნველყოფისათვის; შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის კანონიერ ინტერესის დაცვა შესაძლებელია გაცილებით ნაკლები შეზღუდვის მქონე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, სააპელაციო პალატამ გაუმართლებლად მიიჩნია უფრო მკაცრი და უფრო მეტი შეზღუდვების მქონე უზრუნველყოფის ღონისძიების – ყადაღის, გამოყენება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხის კუთვნილ სამ ავტომანქანაზე გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვით, ერთის მხრივ სარჩელის უზრუნველყოფის და დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, დაცული იქნება მოსარჩელის კანონიერი ინტერესი და მეორეს მხრივ არ მოხდება მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, და აღნიშნული სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უზრუნველყოფს ორივე მხარის ინტერესის დაბალანსებას გონივრულობის ფარგლებში.