თბილისის სააპელაციო სასამართლომ შპს „ფილიპ მორის საქართველოსა“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“-ს საჩივრები სრულად დააკმაყოფილა
2017-06-09
2017 წლის 9 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დაასრულა აპელანტების შპს „ფილიპ მორის საქართველოსა“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“-ს საჩივრების განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რის შედეგადაც შპს „ფილიპ მორის საქართველო“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“ სრულად გათავისუფლდნენ 92 მილიონამდე ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.

შეგახსენებთ, მოსარჩელე სს „თბილისის თამბაქო“ დავობდა შპს „ფილიპ მორის საქართველოსა“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“-სთვის ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული საწარმოები ახდენდნენ სხვადასხვა სახის სიგარეტების რეალიზაციას თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, რითაც არღვევდნენ კანონს და ზიანს აყენებდნენ სს „თბილისის თამბაქოს“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“-ს სოლიდარულად დაკისრებული ჰქონდათ 92 მილიონამდე ლარის ზიანის ანაზღაურება სს „თბილისის თამბაქოს“ სასარგებლოდ, რაც სრულად გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია