სასამართლო განჩინება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებულ დავაზე
2015-04-07
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, რომელიც გამოტანილი იქნა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებულ დავაზე.

სააპელაციო სასამართლომ განიხილა სს „ქართული ფოლადის“, შპს „რუსთავის ფოლადის“ და შპს „რუსთავის ინდუსტრიული ჯგუფის“ სააპელაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ეთერ მთვრალაშვილის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 27 დეკემბერს ს.ს. „ქართული ფოლადს“ და შ.პ.ს. „რუსთავის ინდუსტრიულ ჯგუფს“ შორის და 2011 წლის 27 დეკემბერს შ.პ.ს. ,,რუსთავის ინდუსტრიულ ჯგუფს” და შ.პ.ს. ,,რუსთავის ფოლადს” შორის დადებული ნაყარი წიდის და ნაცრის ნასყიდობის ხელშეკრულება; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი ს.ს. ,,ქართული ფოლადს” და შ.პ.ს. „რუსთავის ფოლადს“ შორის 2011 წლის 27 დეკემბერს დადებული აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულება. აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა და გასხვისებული ქონება საკუთრებაში დაუბრუნდა ს.ს. „ქართული ფოლადს“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დავის მიმდინარეობისას მოსარჩელის განცხადების საფუძველზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ნასყიდობის საგნის: აქტივების, ნაყარი წიდის და ნაცრის გასხვისების აკრძალვის სახით.

სააპელაციო პალატამ დავის მიმდინარეობისას განიხილა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერების საკითხი და მიიჩნია, რომ განჩინება იყო დასაბუთებული, კანონიერი და არ არსებობდა მისი გაუქმების ან უზრუნველყოფის საშუალების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მართალია ეთერ მთვრალაშვილის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა მხოლოდ 4553.48 ლარის მიღება, თუმცა დავის საგანს წარმოადგენდა არა თანხის დაკისრება, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობა და გასხვისებული ქონების პირვანდელი მესაკუთრისათვის დაბრუნება. განსახილველი დავის საგნიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ თუ დავის პერიოდში გასხვისდებოდა სადავო ქონება, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება ქონების პირვანდელი მესაკუთრისთვის დაბრუნების ნაწილში აღუსრულებელი დარჩებოდა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა მხარემ წარმოადგინა ახალი მტკიცებულება და მიუთითა ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, რამაც განსაზღვრა საქმის საბოლოო შედეგი.

ახალი მტკიცებულებით დადგინდა, რომ სააპელაციო სასამართლოში დავის მიმდინარეობისას 2015 წლის 17 მარტს, შპს „რუსთავის ფოლადის“ მიერ ნოტარიუსთან დეპონირების გზით შესრულებული იქნა მოსარჩელე ეთერ მთვრალაშვილის მიმართ სს „ქართული ფოლადის“ ვალდებულება.

სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლის მე-2 ნაწილით თანხის დეპონირების შემთხვევაში მოვალე თავისუფლდება ვალდებულებისგან. შესაბამისად, სს „ქართულ ფოლადს“ ეთერ მთვრალაშვილის მიმართ 2015 წლის 17 მარტიდან სადავო ვალდებულება აღარ გააჩნია. ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გარიგებების კანონიერების და ქონების სს „ქართული ფოლადის“ საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნის მიმართ 2015 წლის 17 მარტიდან აღარ არსებობს ეთერ მთვრალაშვილის იურიდიული ინტერესი, რის გამოც მისი სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, გაუქმდა საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ეთერ მთვრალაშვილის სასარგებლოდ სს „ქართულ ფოლადს“ შპს „რუსთავის ფოლადს“ და შპს „რუსთავის ინდუსტრიულ ჯგუფს“ დაეკისრა 3050 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების სახით. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი და მისი წარმოდგენის შემთხვევაში საქმე განსახილველად გაეგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია