თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა ჩემიასა და გიორგი გვიჩიანს სასჯელი შეუმცირა
2014-07-14
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მსჯავრდებულების ნიკა ჩემიას და გიორგი გვიჩიანის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. თუმცა, მოსამართლე ლევან თევზაძის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა აღნიშნული პირების მიმართ დადგენილ განაჩენში.

გიორგი გვიჩიანი ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ პუნქტით.

გიორგი გვიჩიანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს, 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ერთი მეოთხედით შეუმცირდა სასჯელი და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, გიორგი გვიჩიანს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლება პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყება დაკავების დღიდან ანუ 2006 წლის 7 მარტიდან.

დამნაშავედვე იქნა ცნობილი მსჯავრდებული - ნიკა ჩემია. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველით განსაზღვრული სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნიკა ჩემიას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მოსამართლის გადაწყვეტილებითვე ნიკა ჩემიას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლება პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყება დაკავების დღიდან - 2005 წლის 23 დეკემბრიდან.

განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს უზენაეს სასამარლოში.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია