თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადება რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით
2016-06-09
თბილისის სააპელაციო სასამართლო ეხმაურება ტელეკომპანია ,,რუსთვი2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოსამართლე შორენა ყაველაშვილის მიერ სამოქალაქო საქმეთა განხილვის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ხსენებული განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს და მასში ინფორმაცია არ არის სრულყოფილად მითითებული.

კერძოდ, მოსამართლე შორენა ყაველაშვილს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გავლილი აქვს სამოქალაქო სამართლის სრული 18 თვიანი კურსი და შესაბამისად წარმატებით აქვს ჩაბარებული გამოცდები, რითაც დასტურდება მისი უნარები სამოქალაქო სამართალში. გარდა ამისა, მოსამართლე შორენა ყაველაშვილი წლების განმავლობაში სამოსამართლეო საქმიანობას ახორციელებს სწორედ სამოქალაქო სამართლის მიმართულებით და განხილული აქვს 1000- ზე მეტი სამოქალაქო საქმე.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მას საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს სისხლის სამართლის სპეციალობით, განვმარტავთ, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს არავითარი შეზღუდვა მოსამართლემ განიხილოს სხვა სპეციალობის საქმე. მოსამართლე შორენა ყაველაშვილის მონაწილეობა რუსთავი 2-ის საქმის განხილვაში სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოები ხშირად განიცდიან მოსამართლეთა სიმცირეს, აღნიშნული პრაქტიკა წლების მანძილზე გამოიყენება სამივე ინსტანციის სასამართლოებში და წარმოადგენს, ფაქტიურად ერთადერთ საშუალებას თავიდან იქნას აცილებული საქმეთა განხილვის მნიშვნელოვანი გაჭიანურება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა მოსამართლე შორენა ყაველაშვილს და მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავოს იმგვარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია