საინიციატივო ჯგუფმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად მერაბ გაბინაშვილი წარადგინა
2015-02-11
მოსამართლეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მერაბ გაბინაშვილი.

უცვლელად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს;

ბატონო პრეზიდენტო, ვუერთდებით თქვენს ინიციატივას და გამოვთქვამთ სურვილს, მონაწილეობა მივიღოთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევაში.
ჩვენთვის, მოქმედი მოსამართლეებისათვის, ორმაგად მნიშვნელოვანია კანდიდატის სწორად შერჩევა, რომელიც სათავეში ჩაუდგება სასამართლო ხელისუფლებას და იქნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ძლიერი სასამართლო სისტემის გარანტი.

თქვენს მიერ ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში ყურადღება გამახვილდა ისეთ დამატებით კრიტერიუმებზე, როგორიცაა პრინციპულობა, მენეჯერული თვისებები, პარტიული გავლენისაგან თავისუფლება, პროფესიონალიზმი.
მიგვაჩნია, რომ როგორც კონსტიტუციით დადგენილი, ასევე, თქვენს მიერ გაცხადებულ კრიტერიუმებს სრულიად შეესაბამება ჩვენი მხრიდან ინიცირებული პიროვნება - მერაბ გაბინაშვილი.
მერაბ გაბინაშვილი გახლავთ მოქმედი მოსამართლე 9 წლიანი სამოსამართლეო გამოცდილებით. არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე, ამავდროულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი.

დასახელებული კანდიდატი გამოირჩევა კეთილსინდისიერებით და პრინციპულობით, რაზეც მეტყველებს მის მიერ წარსულში მიღებულ გამამართლებელ განაჩენთა სიმრავლე.
მერაბ გაბინაშვილი 6 წლის მანძილზე გახლდათ რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და დღესაც ითავსებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს. ამ პერიოდში მას უხდებოდა და უხდება მენეჯერული უნარ-ჩვევების გამოვლენა. ეფექტური მენეჯერული და სამოსამართლეო თვისებების გამო, ის სხვადასხვა დროს დასახელდა წლის საუკეთესო მოსამართლედ.
მერაბ გაბინაშვილი ასევე, მისი ოჯახის რომელიმე წევრი არ ყოფილა პარტიული. მას თავისი სამოსამართლეო საქმიანობის მანძილზე არ გამოუვლენია რომელიმე პარტიისადმი მიკერძოება ან რაიმე ნიშნით დამოკიდებულება.

ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატი ხასიათდება პროფესიონალიზმით, ის სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და ნდობით, როგორც მოსამართლეთა შორის, ისე, იურიდიულ წრეებში. აღნიშნულზე მეტყველებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნების პროცესი, რა დროსაც მერაბ გაბინაშვილმა მოაგროვა მოსამართლეთა ხმების 2/3 და დამსახურებულად მოიპოვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა.

კანდიდატმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მას აქვს 20 წლიანი პროფესიული მუშაობის გამოცდილება.

მერაბ გაბინაშვილი აქტიურად მონაწილეობს იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში სხვადასხვა კანონპროექტის განხილვაში. არის სისხლის სამართლის რეფორმის ჯგუფის წევრი. ის, ასევე, გახლავთ ფარული ჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრი და ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო კომისიის წევრი. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ამ კომისიაში, თუ ჯგუფში, მერაბ გაბინაშვილი გამოირჩევა პროფესიული აქტივობით, მისი მოსაზრებები კანონპროექტის ჩამოყალიბებასა თუ შეცვლაში აქტიურად იქნა გაზიარებული აღნიშნული კომისიების წევრების მხრიდან.
მერაბ გაბინაშვილი პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და მიჰყავს სალექციო კურსი სისხლის სამართალში.

მერაბ გაბინაშვილი 2014 წელს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მიერ არჩეულ იქნა იუსტიციის სკოლის მოსამართლეთა კანდიდატების საგამოცდო კომისიის თავმჯდომარედ, ხოლო 2015 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული იქნა მოსამართლეთა კანდიდატების დამამთავრებელი საგამოცდო კომისიის წევრად.

ბატონო პრეზიდენტო, თუ საჭიროდ ჩათვლით ჩვენს მიერ დასახელებულ კანდიდატთან პირადად გასაუბრებას, თქვენ გაეცნობით მერაბ გაბინაშვილის სრულყოფილ ხედვას სასამართლოს შემდგომი განვითარების სტრატეგიის თაობაზე.

© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია